„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე დღეს, 15:00 საათისთვის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
მისი დაბარება უკავშირდება იარაღს, რომელსაც პარლამენტის წევრი ანტიფაშისტური მანიფესტაციის დროს ატარებდა.
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი".
საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე „ლიბერალთან" განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა არ გამოიწვევს სისხლის სასამართლის პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, თუკი კახიძეს იარაღი გაფორმებული ჰქონდა.
„ეს არის ამ კონკრეტული კანონის დარღვევა. ეს არ იყო მასობრივი ხასიათს დარღვევა, რადგან მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა იარაღი. ამას მოჰყვება ის, რომ იმ მომენტში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 15 წუთის განმავლობაში უნდა შეატყობინოს ორგანიზატორს და ორგანიზატორმა ყველა ღონე უნდა მიიღოს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად" - ამბობს გოცირიძე.
თავად დეპუტატი ამბობს, რომ „გლოკ 19-ს“ ლეგალურად ფლობს, და როგორც პარლამენტარს მისი ტარების უფლება აქვს. „თუმცა მანიფესტაციის დროს უნდა დამეტოვებინა იარაღი" - ამბობს კახიძე „ლიბერალთან“ საუბარში.