სამშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს. პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უზღუდავს ამ სანქციების შემსუბუქების საშუალებას.
კონგრესის სანქციებში უფრო მკაცრი საზედამხედველო ბერკეტები ერთთვიან მოლაპარაკებებს მოჰყვა დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის. სენატმა სანქციების კანონპროექტის მისეული ვერსია ივნისში, 97-ით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
პალატაში ანალოგიურ ზომას 419-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, სამის წინააღმდეგ. ეს პროექტი, ამასთანავე გულისხმებს სადამსჯელო ზომებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. რუსეთი კი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო.
„ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს," - განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესოუბლიკელმა ედ როისმა.
როისმა დასძინა, რომ კანონპროექტი, ამ სანქციების შერბილების შემთხვევაში კონგრესს დამატებით ბერკეტების ანიჭებს, რაც თავის მხრივ, მკაცრ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სანქციებს უზრუნველყოფს.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს გოლფის თამაში სურს ვლადიმირ პუტინთან, მას კონგრესის იმედი არ უნდა ჰქონდეს: ჩვენ ბატონი პუტინის დასჯას ვაპირებთ," - უთხრა ამერიკის ხმას პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის [დემოკრატმა] ლიდერმა ელიოტ ენგელმა.
ორპარტიული ერთობა სანქციების საკითხში თან ახლავს კონგრესის მიმდინარე გამოძიებებს რუსეთისა და დონალდ ტრამპის კავშირების შესახებ.
„კონგრესის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს პრეზიდენტ ტრამპს, იმდენად, რამდენადაც პრეზიდენტებს არ მოსწონთ, როცა კარგავენ სანქციების მოხსნის ბერკეტს," - ამერიკის ხმას უთხრა უილიამ პომერანცმა, უილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის ექსპერტმა. „იშვიათია, რომ კონგრესი ჯიუტად იცავდეს პრეზიდენტის შემაკავებელ დებულებას და სანქციების კანონპროექტს იღებს."
თეთრი სახლის რექცია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ სანქციების კანონმდებლობას. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, თეთრი სახლი ცდილობდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შეენარჩუნებინა სანქციების შერბილების უფლება, აცხადებდა რა, რომ კონგრესის ჩარევა ვლადიმირ პუტინთან უკეთესი ურთიერთობის წარმოებაზე გავლენას მოახდენდა.
პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, კონგრესი,სავარაუდოდ, მას დაძლევს, ისევე როგორც გაუქმდება სანქციები ჩრდილოეთ კორეის და ირანის წინააღმდეგ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს.
პალატის და სენატის სანქციები უნდა შეჯერდეს, მანამ ვიდრე კანონპროექტი პრეზიდენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.
კონგრესმენმა ენგელმა გამოთქვა იმედი, რომ ეს პროცესი კონგრესის აგვისტოში დაგეგმილ შვებულებამდე მოესწრება.