მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა,- ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლევის ანგარიშს აქვეყნებენ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაცულია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თითქმის მესამედის (27% საშუალოდ, 36% თბილისში) შეფასებით, საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ირღვევა ეთნიკური (57%) და რელიგიური (59%) უმცირესობების უფლებები.
გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში სრულად ან მეტ-ნაკლებად დაცულია. 5 წლის წინ იგივე აზრი ჰქონდა 48%-ს, 10 წლის წინ უფლებების დაცულობაზე კი 32% საუბრობდა.
გამოკითხულთა 50% ინფორმაციას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ყველასათვის თანაბარ ხელმისაწვდომად არ მიიჩნევს, მათ შორის, ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია შემდეგი ჯგუფებისთვის: სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და სხვა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ადამიანის უფლებების და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიღების წყარო უმრავლესობისთვის ტელევიზიაა (88%).
2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ სმენია გამოკითხულთა 10%-ს, 9% კი ამბობს, რომ იცის სამოქმედო გეგმის შესახებ.
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, მოსახლეობა კეთილგანწყობილია საპატრულო პოლიციის მიმართ და სხვა ინსტიტუტებთან შედარებით მას ყველაზე მაღალ ნდობას უცხადებს (67%).
კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუსჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს ეყრდნობა. ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე, ევროკავშირის პროგრამების,- „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“ ფარგლებში.