
ფოთიდან თბილისის მიმართულებით NATO-ს სამხედრო ტექნიკის ნაწილი მოემართება, რომელიც ხვალ საერთაშორისო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017" მიიღებს მონაწილეობას. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2017-ის" მიზანი NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის გაზრდა, NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ლოჯისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
„სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა (152 მმ) და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ხვალ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.