„მე კარგად ვიცნობ ამერიკის დემოკრატიის ხარისხს - უკვე ტრადიციად იქცა ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიონ ისეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას ჩვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
„აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვდება ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ჩვენი პარტია არავის მიუწვევია ამ შეხვედრაზე. ეს მე არ მიკვირს - ასე ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იყო შემთხვევები, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს მე არ ვიყავი საქართველოში ან პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ბურჯანაძე არ მოიწვიოთო. იგივე ხდება დღესაც. პენსი ხვდება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ. არ გვხდებიან ჩვენ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. უდავოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე- პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ამერიკისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
დღეს 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.