სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ დებულებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს.
განცხადებას ხელს 19 რელიგიური გაერთიანება აწერს:
„როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლბების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.
მიგვაჩია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელბული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცლებელ მიზნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.
როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის საფუძველზე, რელიგიური გაერთიებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესაბა და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგელოდ" - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.