დავალიანების გამო, შაბათ-კვირას, ოფიციალურად გამოცხადებულ უქმე დღეებსა და ღამის საათებში ბუნებრივი აირის ჩაჭრა შესაძლებელი აღარ იქნება - ამის შესახებ ცვლილება სემეკის შესაბამის დადგენილებაში შევიდა.
აღნიშნულ დადგენილებაში სხვა სიახლეებზეცაა საუბარი. მაგალითად, კომპანიამ გაზის მიწოდება პირის მიერ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 საათში უნდა აღადგინოს. თუ გადახდა აისახება ან დადასტურდება 09:00 საათიდან, უნდა აღადგინოს 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე). 16:00 საათის შემდეგ გადახდის შემთხვევაში (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), გაზის მიწოდება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის არა უგვიანეს 12 საათში.
21 ივლისის დადგენილებაში ასევე წერია, რომ თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2%-ზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს.