ბორჯომში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან მოხალისე ჯგუფებიც. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი.
აზერბაიჯანული სააგენტოს APA -ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ვერტმფრენი გამოგზავნა საქართველოში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის აღმოფხვრელად.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომაც გაავრცელა.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ. 21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოსვე ინფორმაციით, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.
ფოტო: თინათინ კიღურაძე