რკინიგზის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, აუდიტორია 115-ის წევრები, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტორია 115 ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და მთელი ძალისხმევა მიმართოს რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ.
მივმართავთ საზოგადოებას, დროა გამოვავლინონ ყველამ ერთად უპრეცენდენტო სოლიდარობა და ჩავერთოთ მშრომელებთან ერთად ბრძოლაში ჩვენივე უფლებებისთვის", - აცხადებს აუდიტორია 115.
პროფრავშირების ინფორმაციით, ასევე დავაკევულია მათი წევრი გიორგი დიასამიძეც.
პროფკავშირების წარმომადგენლის ილია ლეჟავას თქმით, პოლიციის წარმომადგენლებმა ირაკლი კუპრაძე საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. ლეჟავას თქმით, კუპრაძემ მასთან დაკავშირება შეძლო და უთხრა, რომ ცუდად არის და სამედიცინო დახმარება სჭირდება.