სიღნაღში ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე მატილდა მირზოევას სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც მირზოევამ „რეგინფოს“ უთხრა, მას გუშინ საღამოს, დაახლოებით 8 საათისთვის ქალაქის ცენტრში თავს დაესხა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„7 წელია რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო. მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. უფრო გაღიზიანდა. უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო“, – განუცხადა მატილდა მირზოევამ „რეგინფოს“.
მისი თქმით, ახალგაზრდა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ლიბერალს“ შსს-დან განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშრებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.