აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შესაძლოა აზერბაიჯანიც დაეხმაროს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
„ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, უკრაინა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავს აგზავნის. ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალური ვებ გვერდი გაავრცელა.
„თვითმფრინავი ქართულ მხარეს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ოთხშაბათს დილით თვითმფრინავი АН-32П ოდესიდან ბათუმში გაფრინდება“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, საქართველოში თურქეთის ელჩმა გაავრცელა განცხადება, რომ თურქეთიდან აბასთუმანში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება.