„ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება“,- ამის შესახებ თუმანიშვილის თატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთი დოლიძე რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 17 სექტემბრამდე, უფლებამოსილების ამოწურვამდე დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
„ქეთი დოლიძის მიმართ გათავისუფლების ბრძანება არ დაწერილა, მას უფლებამოსილების ვადა ეწურება 17 სექტემბერს და შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი ხელმძღვანელი“,- განუვხადეს კულტურის სამინისტროდან „ლიბერალს“.
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. კულტურის მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირად დამოკიდებულებებზე და წყენაზე არ იყო დაფუძნებული.
„გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული და არც არავის წყენა-არწყენაზე. ჩემთვის კონფლიქტი ნიშნავს ორ დაპირისპირებულ მხარეს. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც სატელევიზიო ეთერებში სამინისტროსა და ქეთი დოლიძის ურთიერთობას, იქ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბრალმდებელ და დაპირისპირებულ მხარეს დაინახავთ. სამინისტრო ყოველთვის მოპასუხე რეჟიმში გამოდიოდა ხოლმე. ქეთი დოლიძესთან საუბარი არ მქონია, მესიჯი ნამდვილად მივიღე. თუ ჩაიზე მპატიჟებს და თუ ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი“,- განაცხადა მინისტრმა.