ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2018 წლების საზედამხედველო საქმიანობის კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტში გაწერილია ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის [17 მაისს] აღნიშვნა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
დოკუმენტის ერთ-ერთ ქვეთავში - „მოქალაქეების ინფორმირებულობა, საჯარო ღონისძიებები და გასვლითი შეხვედრები“ ვკითხულობთ, - „დიდია კომიტეტის როლი ადამიანის უფლებებისა და სამოაქლაქო ინტეგრაციაზე ცნობიერების ამაღლების საკითხში. ამ მხრივ, პოზიტურად უნდა შეფასდეს კომიტეტის უკანასკნელი წლების პრაქტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უფრო მასშტაბური გახდეს. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დღეების აღნიშვნა ხელს შეუწყობს სოლიდარობის გამოხატვას უფლებადარღვეული პირების მიმართ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესში მიზანშეწონილია კომიტეტმა ითანამშრომლოს, როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად მოხდეს საჯარო ღონისძიებების დაგეგმვა“.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის კითხვაზე თუ რამდენად პრიორიტეტულია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემის მოგვარება, კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე პასუხობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით იდევნება ადამიანი, მათი ვალია თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.
„ჩვემთვის, სიმართლე გითხრათ არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით იდევნება ადამიანი, ეს იქნება ლგბტ თემი, რელიგიური უმცირესობები, ეთნიკური უმცირესობები, ადამიანს არ უნდა ჩაგრავდნენ რაიმე ნიშნით. ეს არც ჩვენი რელიგიიდან, მრწამსიდან და კულტურიდან გამომდინარე არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ სხვების დისკრიმინაციას, არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით, ჩვენი ვალია თითოეული ადამიანის დაცვა. ის, რომ განცხადებები არ გაკეთებულა ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით, ვერ დავეთანხმები, სულ ცოტა 3-4 დღის წინ, მედიით გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ვერ მოვითმენთ ადამიანების დისკრიმინაციას და დაჩაგვრას, ვერავითარი ნიშნით, არ შეიძლება ადამიანის ცემა, არ შეიძლება ადამიანის წამება, მისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ მეორე თემაა ქორწინება.
ჩვენი გაცხადებული წინასაარჩევნო დაპირება იყო და პრემიერმაც თქვა, რომ ჩვენ ქორწინების ჩაწერას კონსტიტუციაში მხარს დავუჭერთ და ეს გავაკეთეთ კიდეც. ეს არ იყო ახალი თემა, ჩვენი გაცხადებული წინასაარჩევნო დაპირება იყო, ჩვენ შევასრულეთ ეს დაპირება და ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერი არ არის თუ ჩვენ ოჯახს განვიხილავთ ქალისა და მამაკაცის ერთობას. მე სულაც არ ვფიქრობ რომ ეს არის დაჩაგვრა ამ შემთხვევაში. უბრალოდ ეს არის თემა, რომელსაც ეთანხმება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და გავაკეთეთ ისე, როგორც გავაკეთეთ“, - განაცხადა მან.