საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები მიუწვდომელია - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გაავრცელა და 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობას ამ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე მიმართა.
ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფოს მოქმედი სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტები ფრაგმენტულად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებს, თუმცა, მის ფარგლებში ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის ადეკვატური სპეციალიზებული სერვისები არ არსებობს. ასეთი მომსახურების თვითდაფინანსების შესაძლებლობა კი, სახალხო დამცველის განცხადებით, შშმ პირთა უმრავლესობას არ გააჩნია: "სარეაბილიტაციო მომსახურების ნაკლების გამო შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ირღვევა მათი უფლებები".
ამასთან, ომბუდმსმენის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო და სხვა შესაბამისი სპეციალობის პერსონალის სიმცირე, რაც ართულებს ხარისხიანი მომსახურების მიღებას: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება", - წერია განცხადებაში.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქართველომ იკისრა ვალდებულება შექმნას, გააძლიეროს და განავრცოს სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო მომსახურებები და პროგრამები ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში, იმგვარად, რომ აღნიშნული მომსახურება განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, მისაწვდომი იყოს საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში და ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას.
ამიტომ, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას:
- უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება
- ზემოხსენებულმა ქვეპროგრამამ ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციას
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებს, მათი საჭიროების გათვალისწინებით
- ხელი შეეწყოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნასა და გაძლიერებას გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვით
- უზრუნველყოს სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში საჭიროებების კვლევისა და სპეციალისტების მომზადების დაფინანსება და ორგანიზება.