გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ „რუსთავი 2-თან“ ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო მემკვიდრეა პილატეს სასამართლოსი, რომელმაც ქრისტეს გამოუტანა განაჩენი და აღნიშნული გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი.
„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა განაჩენი.
ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. სახელმწიფოს თავისუფლება, ძლიერება, მისი განვითარება, დამოუკიდებელ თავისუფალ სასამართლოზე გადის, რადგან სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონა ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობისა. რა თქმა უნდა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, სახელმწიფოს პირველმა პირებმა თავიდანვე ცილი დასწამეს გიორგი მამალაძეს, რომლებიც, მისი თქმით, უპრინციპოდ სდებდნენ ბრალს მას.
„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს პირველი პირებისგან, რომლებიც უპრინციპოდ სდებდნენ ბრალს [გიორგი მამალაძეს], ცილი დასწამეს მამაოს და არ გადაუდგამთ მათ არანაირი ნაბიჯი დანაშაულის გამოსყიდვისთვის. სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას“, -თქვა მან.