
საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა უნდობლობას უცხადებს დათო ოქიტაშვილის კანდიდატურას. ამის მიზეზად მოძრაობა პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ინტერესს ასახელებს, რომელიც მათი განცხადებით, მიმართულია მშრომელთა ორგანიზებული მოძრაობების დასუსტებისაკენ: "მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს დავით ოქიტაშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც პროფკავშირები 2012 წლამდე ატარებდა იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესებს და არ გაუმართავს შიმშილობის ან სხვა ტიპის საპროტესტო აქციები", - წერია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ჩამოთვლილია გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქციების ჩამონათვალი, რომელ აქტივობებშიც, მათი თქმით, დათო ოქიტაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.
✔ 2006 წლის 2 დეკემბერი - მასშტაბური საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
✔ 2007 წლის 16 აპრილი - აქცია საქართველოს პარლმანეტის შენობასთან: „არსებული შრომის კოდექსი მონობას ამკვიდრებს“.
✔ 2008 წლის 8 მარტი - გაფიცვა მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე.
✔ 2008 წლის 10 მარტი - ქ.რუსთავში ე.წ „ყვითელი ავტობუსების“ მძღოლების გაფიცვა.
✔ 2008 წლის 4 აპრილი - დაიწყო გაფიცვები და პერმანენტული აქციები სამედიცინო სფეროში.
"2008 წელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა 2 საჩივარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტში ფოთის პორტში, ბითიემ ტექსტილში და განათლების სფეროში პროფკავშირის წევრების და არჩევითი ლიდერების დევნის შესახებ. აღნიშნული საჩივრები გაერთიანების კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებებით სრულიად გაზიარებული და დაკმაყოფილებული იქნა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დავით ოქიტაშვილის ტყუილზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ კამპანიას", - წერია განცხადებაში.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი იქნება. არჩევნები სექტემბერში ჩატარდება. მისი კონკურენტი პროფესიული გაერთიანების ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილია.