პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს („საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“) განიხილავენ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.
„საპარალმენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიების სიების წარდგენისას პარტიებს დაევალოთ, დაიცვან სქესთა ბალანსი, ის, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.