საქართველოს პარლამენტის წევრები 10-14 სექტემბერს, პორტუგალიაში მონაწილეობას მიიღებენ ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხების განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს დელეგაციაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა.
„ვიზიტის მიზანია ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა, აგრეთვე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და სამართალდამცავ ორგანოებს, ჯანდაცვის ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის საკითხების შესწავლა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:
- შეხვედრები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაწესებულებებთან, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის ზიანის შემცირების პროგრამების მართვა, განხორციელება და დაფინანსება;
- შეხვედრები „გადარწმუნების კომისიის“ თანამშრომლებთან და პოლიციასთან, ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკების მოხმარების დიაგნოზირების, მკურნალობისა და პრევენციის საკითხების განსახილველად;
- შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის სერვისის პროვაიდერებთან და განმახორციელებლებთან;
- საველე ვიზიტები სერვისის პროვაიდერებთან და შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის კლიენტებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები.
ვიზიტის ორგანიზატორია „ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი“ „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ ერთად.