მოქალაქე ნინო მჭედლიძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ მან მაღაზია „ბიბლუსში" სხვადასხვა სათამაშოსა და სუვენირთან ერთად ნახა საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი - აფხაზეთის გარეშე.
როგორც ნინო ჰყვება, სუვენირი ჟვანიას მოედანზე მდებარე ფილიალში ნახა, და ფოტოც იქ გადაუღო. „შევამოწმე მოტეხილი ხომ არ იყო შემთხვევით, შერბენით ვიყავი და ყიდვაც ვერ მოვასწარი", - ამბობს ნინო.
I love georgia - ვკითხულობთ სუვენირზე, რომელიც 4 ლარი ღირს.
რამდენიმე წუთის წინ მაღაზიათა ქსელმა თავის ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ქსელში შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ისეთი სუვენირი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა, როგორც გაირკვა, მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი".
„ბიბლუსის" განცხადების მიხედვით, კომპანიის იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.
„საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და, რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე" - ვკითხულობთ განცხადებაში.