თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უკრაინის საკითხში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა: თქვენი აზრით, როგორია საქართველო, როგორც ერი - როგორია მისი ღირებულებები, რა აწუხებს მას, სად არის მისი ადგილი?
პრეზიდენტი პასუხობს: „როგორც ერი, რომელიც მიისწრაფვის იმ ღირებულებებისკენ, რომელთაც ჩვენ დღეს ევროპულს, დასავლურს ვეძახით, მივაწერთ დასავლეთ ევროპის ცივილიზაციას; ჩემი ხალხი იყო ნაწილი ამ კულტურისა და მისი ღირებულებები დაფუძნებულია ინდივიდუალურობაზე, თავისუფლებაზე, ინდივიდის უფლებაზე, გამოხატოს თავი საზოგადოებაში.
ამავდროულად ჩვენ ვართ ერი, რომელიც თავს იცავს. ცდილობდა, შეენარჩუნებინა იდენტობა ისტორიულ პროცესში, რომელიც მის უნიკალურობას, იქნებოდა ეს ლიტერატურა, დამწერლობა თუ სხვა, განადგურებისკენ ექაჩებოდა.
რა არის დღეს გამოწვევა? ეს არის ის, რომ ინდივიდის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, როგორც ღირებულებაზე დაფუძნებული ევროპული კულტურიდან ევროპულ სახელმწიფოდ გადავიქცეთ. ეს ვერ მოხდება სახელმწიფოს კონცეფციის გააზრების გარეშე.
აქ მოსვლამდე ვმსჯელობდი, თუ რა არის თანამედროვე სახელმწიფო? ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავებულის მიღება. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ტოლერანტულები განსხვავებული ადამიანების მიმართ, განსხვავებული მოსაზრებების მიმართ. ტოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია, რადგან ჩვენთან არსებობდა ეს განსხვავებები რელიგიის ნიშნით, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით...
ახლა არსებობს ახალი ტიპის განსხვავებები და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი მიმღებლობა. ეს ეხება არა მხოლოდ რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით განსხვავებას, არამედ განსხვავებულობას სექსუალური იდენტობის არჩევანის თვალსაზრისით. ეს არ არის განსხვავებულობა მხოლოდ გეოპოლიტიკურ შეხედულებებში, არამედ ხედვაში, რომელიც სხვადასხვა პარტიას აქვთ...
ამდენად, საქართველოს კონცეფცია ბევრად დიდია, ვიდრე ჩემი იდენტობა. ვიდრე იდენტობა პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის... არამედ, ეს არის ნაწილი უფრო დიდი იდენტობისა, რომელსაც საქართველო ჰქვია და ჩვენ უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ განსხვავებული ადამიანებიც არიან ამ კულტურის ნაწილი. რომ საქართველო არ არსებობს და ვერ იარსებებდა ამ განსხვავებების გარეშე, თუკი მათ პატივს არ ვცემთ, თუკი არ მივცემთ შესაძლებლობას, განვითარდნენ. თუკი მათ შევზღუდავთ, ეს იქნება ჩვენი ერის დაცემა. თუკი ჩვენ შევზღუდავთ ამ განსხვავებულებს.
ამდენად, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ თავსმოხვეული გამოწვევა ჩვენი მტრების მიერ. რუსული პროპაგანდის მიზანია, შექმნას მიუღებლობა განსხვავებული რელიგიის მიმართ, ცხოვრების განსხვავებული სტილისა და დამოკიდებულების მიმართ..." - პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი.