სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება.
ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 11 საათზე დაიწყო სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული მასივების შეწამვლა.
სააგენტოში ამბობენ, რომ ავიაციით შეწამვლითი სამუშაოებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას. მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.