„ეთნიკური ქართველი – პირი, რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად“ - ამ ჩანაწერის ასახვას მოითხოვს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი.
კანონპროექტის ინიციატორია ემზარ კვიციანი, ხოლო ავტორი ზვიად ტომარაძე. ტომარაძე „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ს“ დირექტორია. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადის 10-წლიანი ვადით შეცვლა.
ასევე - ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს მიიჩნევენ ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება.
კანონპროექტის მიზნად კი ავტორები, საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას ასახელებენ.
„გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ სამშობლო დატოვა. მათმა უმრავლესობამ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს. გარდა ამისა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ფოტო: ტაბულა