დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევანი კანდიდატებს შორის 213-მა დელეგატმა უნდა გააკეთოს.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კენჭს, მეოთხე ვადით, დღეს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი იყრიან.
თავჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ თუკი ირაკლი პეტრიაშვილი მიიღებს მის შეთავაზებას და მოხსნის კანდიდატურას, თავადაც მოხსნის თავის კანდიდატურას.
„ჩემი თვითმიზანი პროფკავშირების თავმჯდომარეობა არ იყო; ჩემი თვითმიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა კრიმინალ პეტრიაშვილის 2- წლიანი ფეოდალური მართვა. საზოგადოებამ და დელეგატებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ ირაკლი პეტრიაშვილს, გადადგეს, მეც დავთმობ კანდიდატურას და დავუთმოთ გზა ახალგაზარდებს. ახალი სისხლი მოვიდეს პროფკავშირებში და მართონ, რისი ღირსებიც არიან ქართველი პროფკავშირის წევრები.
პეტრიაშვილი ხომ იძახდა, რომ მე ვარ მთავრობიდან მართული. ეს ასე არ არის. თუ ასე იქნებოდა, სხვანაირი მეთოდებით მოვიდოდი მის ადგილას. თუ მოხსნის ირაკლი პეტრიაშვილი კანდიდატურას, მოვხსნი მეც. ვინც არ უნდა გახდეს პეტრიაშვილის გარდა თავმჯდომარე, მე მას ხელს ჩამოვართმევ და ვუსურვებ წარმატებას “,- ამბობს დავით ოქიტაშვილი.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ოქიტაშვილი მისთვის ავტორიტეტს არ წარმადგენს. "მის რეკომენდაციებს ირაკლი პეტრიაშვილი არ გაითვალისწინებს. დანარჩენს ყრილობოს დელეგატები გამოხატავენ საარჩევნო ბიულეტინებზე."- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.