საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა.
„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის და პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობისთვის. ვგულისხმობ მეღვინეობის აკვნის - საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარებას.
ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა - საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს. ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად ღვინო უჩქეფთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კულტურა ასევე გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით. ღვინო გვხდება ყველგან - მუსიკაში, პოეზიაში, ფრესკებში, ქართულ ორნამენტებში.
მართლაც, ის ფაქტი, რომ ჩვენ დავდგით ქვევრი - თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს. "იუნესკომ" ქვევრი აღიარა და ის შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართველებისთვის კი ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.
გარდა ამისა, ქართული სუფრა - ეს არი სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახე. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.
თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე - საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქართველები ღვინოს სვამენ არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მის შემდეგაც - არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ღვინის ჭურჭელი.
ამდენად, მოხარული ვარ, მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში. ქართველები ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია მსოფლიოში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი ასე ერთგული თავიანთი რელიგიისა, არის ის, რომ ღვინო ზიარების ძირითადი კომპონენტია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.