Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

5 საკითხი კონსტიტუციაში, რაზეც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან

15 სექტემბერი, 2017 17:46

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 11 სექტემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. პრეზიდენტთან შეხვედრას თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

უკვე სახელდება ხუთი თემა, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია: პრეზიდენტის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები, მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა, სასამართლოს თემა და უშიშროების საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ პრეზიდენტის მრჩევლების, ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის ოპოზიციასთან შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც „ლიბერალს“ შეხვედრის მონაწილემ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, ეს წინადადებები საფუძვლად დაედება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.

„მას არ უთქვამს, რომ გინდა თუ არა ადებს ვეტოს კონსტიტუციის პროექტს, მაგრამ ტერმინი -მოტივირებული შესწორებები გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი მზად არის ვეტოს დასადებად. მას  არ უნდა, რომ მხოლოდ თავად იყოს მოტივირებული შენიშვნების ავტორი. პრეზიდენტს ფართო კონსენსუსი სურს და ამიტომაც პოლიტიკურ პარტიებს აზრს ეკითხება. სწორედ ამ შემოთავაზების შემდეგ ჩვენ შეხვედრები გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, ორჯერ კენჭნაყარი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტიდან გამოვყავით ხუთი თემა, რომელზეც აბსოლუტურ თანხმობას მივაღწიეთ“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის არჩევნები - კაციტაძის განმარტებით, ოპოზიცია და პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ მომავალში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩიოს ე.წ. 300-მა ხმოსანმა, არამედ აირჩიოს ისევ ხალხმა, და ეს უფლება არ წაერთვას საქართველოს მოსახლეობას.

პარლამენტის არჩევნები - როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავს, შეთანხმდნენ, იმაზეც, რომ საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში აღარ არსებობდეს მაჟორიტარული სისტემა; პარლამენტი აირჩეს მთლიანად პროპორციულად; მანდატები განაწილდეს პროპორციული წესით. ასევე,  არ აიკრძალოს წინასაარჩევნო თანამშრომლობის ისეთი ფორმა, როგორიც არის ბლოკები;  დღეს არსებული 5%-იანი ბარიერი შემცირდეს 3%-მდე, რათა, კაციტაძის თქმით, ერთი მხრივ, იყოს ნაკლები დანაკარგი ხმების, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტში იყოს პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობა.

მთავრობის ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება - „როდესაც პარლამენტი ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს, თუ პრემიერ-მინისტრმა დამტკიცებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის მესამედი შეცვალა, ავტომატურად მინიტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი პარლამენტის წინაშე ხელმეორედ დგება. ახლა  „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შემოაქვთ ცვლილება, რომ ერთხელ თუ დაამტკიცებ პრემიერ-მინისტრს, სანამ ის პრემიერ-მინისტრი იქნება, რამდენჯერაც უნდა გამოცვალოს მთავრობა, მას ვეღარავინ ვეღარ დაუწესებს ვერანაირ კონტროლს და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ იქნება ეს საკადრო პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ საპარალამენტო ეფექტიანი კონტროლის განსახორციელებლად, საჭიროა მინიმუმ ის მექანიზმი დარჩეს, რომ მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი ისევ დაუბრუნდეს პარლამენტს, რათა მათ ეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში საკადრო პოლიტიკის კონტროლი, განახორციელოს მთავრობასა და პრემიერთან მიმართებაში“, - განმარტავს კაციტაძე.

სასამართლო სისტემა - კაციტაძის თქმით, ვინაიდან [საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით] სასამართლო სისტემიდან მთლიანად გამოირიცხა პრეზიდენტის როლი და ფუნქცია, ისინი დაეყრდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა ერთ-ერთ მიმართულებას, და მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა წარმოადგინოს მოსამართლეების კანდიდატები, მაგრამ მათი დამტკიცება უნდა დარჩეს პრეზიდენტის კომპეტენციათა ფარგლებში. ამავდროულად, მოსამართლეებისათვის არ უნდა არსებობდეს გამოსაცდელი ვადა.

უშიშროების საბჭო - შეთანხმება მიღწეულია ასევე იმაზე, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება მიზანშეწონილი არ არის.

„ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის უშიშროების საბჭოს გაუქმება მიზანშეუწონელია.  მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის და მთავარსარდლის მხოლოდ არასაომარი მოქმედებების დროს უბრალოდ ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვება მიზანშეუწონელია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, უნდა დარჩეს უშიშროების საბჭო, მეორე მხრივ, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს გარკვეული უფლებები უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში“,- ამბობს კაციტაძე.

კაციტაძის თქმით, მომავალ კვირაში, აღნიშნული წინადადებები, როგორც საყოველთაო კონსენსუსის მადემონსტრირებელი მოტივირებული შენიშვნები, მიეწოდება როგორც ხელისუფლებას, ასევე ყველა მხარეს, მათ შორის ვენეციის კომისიასაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^