„რეპუბლიკურმა პარტიამ“ და „ლიბერალურმა ხაზმა“ ექსპერტებთან ერთად მომზადებული პოლიტიკის ორი დოკუმენტი წარუდგინეს მედიას. მათ შორის ერთ-ერთია ორდონიანი თვითმმართველობის პოლიტიკის დოკუმენტი, თვითმმართველობა - მმართველობის დეცენტრალიზაციისთვის.
„რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ეფექტიანი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა. მათი თქმით, სისტემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
- პირველი დონის თვითმმართველობა პასუხობს საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებებში არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს
- მეორე დონის ხელისუფლება შექმნილია რეგიონის დონეზე და პასუხობს რეგიონში შემავალ პირველი დონის თვითმმართველ ერთეულთა მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას წარმოშობილ საერთო გამოწვევებს.
პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უახლოესი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებას განაპირობებს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, კომპეტენციათა, ფინანსებისა და ქონების სრული გამიჯვნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, სრულყოფილი ტერიტორიული ოპტიმიზაცია, ხელისუფლების ვერტიკალურ შტოებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის სისტემების შემოტანა, მოქალაქეთა ჩართულობის, პლურალური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა.