Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნარკოპოლიტიკის პლატფორმა": მნიშვნელოვანია, დაპირების გარდა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

20 სექტემბერი, 2017 14:36

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ნარკოპოლიტიკის სისტემური ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, ნათლად დააფიქსიროს მზადყოფნა ნარკოპოლიტიკის სფეროში კომპლექსური რეფორმის გატარების თაობაზე და ხელი შეუწყოს ინიცირებული კანონპროექტის დროულ და ქმედით საპარლამენტო განხილვას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი და ნათელი ხედვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, რა ინტენსივობით უნდა შეიცავდეს ის რეპრესიულ და სადამსჯელო მექანიზმებს და როგორი დახმარების სერვისს უნდა სთავაზობდეს ნარკოტიკის მომხმარებელს.

პლატფორმის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი პოლიტიკური დაპირების პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე. „ლიბერალი" პლატფორმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინა ფრუიძემ ინიციატივით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი სრულიად ეხმიანება დღეს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულების შესახებ. კანონპროექტი მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის სისტემურ ცვლილებებს, ნარკოტიკის მოხმარების პრობლემის გადატანას კრიმინალის სფეროდან ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების სფეროში და ნარკოტიკის მომხმარებლისთვის ადეკვატური სერვისების სისტემის შექმნას.

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს პროცესი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პლატფორმას და მის წარმომადგენლებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ, სამუშაო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად წარმომადგენლობითი, კონსტრუქციული და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც განეხილათ კანონპროექტი, რათა მიღწეულიყო კონსენსუსი კანონპროექტით გათვალისწინებულ პრინციპულ საკითხებზე.

სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი და ნათელი ხედვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, რა ინტენსივობით უნდა შეიცავდეს ის რეპრესიულ და სადამსჯელო მექანიზმებს და როგორი დახმარების სერვისებს უნდა სთავაზობდეს ნარკოტიკის მომხმარებლებს. დაგეგმილი რეფორმის პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ის გარემოება, რომ წარდგენილ კანონპროექტზე მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა ცალსახად უარყოფითი დასკვნა (საქართველოს იუსტიციის, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების პოზიციები), სადაც ტექნიკური ტიპის შენიშვნებთან ერთად (რომლებზე სამუშაოდაც პლატფორმა სრულ მზადყოფნას აცხადებს ნებისმიერ ფორმატში), გამოთქმულია კრიტიკა კანონპროექტის ფუნდამენტურ მიმართულებებზე, კერძოდ:

  • ნარკოტიკის მოხმარების/მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაცია;
  • ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრა, რა დროსაც მცირე ოდენობად ჩაითვლება ნარკოტიკის საშუალო მომხმარებლისთვის საჭირო დღიური დოზა;
  • სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული დანაშაულებისთვის განსაზღვრული სანქციების შემსუბუქება;
  • ნარკოტიკის მოხმარების ახლებური, უფრო კონკრეტული და ზუსტი დეფინიციის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც წარსულში მოხმარების გამო, თუკი პირი არ იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მის მიმართ აღარ იქნება სანქციების გამოყენება შესაძლებელი.

ჩამოთვლილ საკითხებზე პლატფორმას პრინციპული პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში რეფორმას გამოეცლება შინაარსი და დაშორდება ძირითად არსს – სახელმწიფოს მხარდაჭერა და ზრუნვა მიმართული ყველა ტიპის, განსაკუთრებით კი მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებისკენ. ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაციის მცდელობა და სასჯელებისა და სერვისების ამ გზით დიფერენცირება სათავეშივე აცდენილი იქნება რეფორმის ძირითად სულისკვეთებას და რეალურ საჭიროებებს.

პლატფორმა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ დრომდე არსებულ თანამშრომლობის რეჟიმს საქართველოს პარლამენტთან და კონკრეტულ უწყებებთან. ამავდროულად, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის, საპატიმრო დაწესებულებებსა და მის გარეთ ათასობით მხარდამჭერის ყოველდღიური მოლოდინის ფონზე, საჭიროდ ვთვლით, მივმართოთ საქართველოს მთავრობას, რომ საჯაროდ წარუდგინოს საზოგადოებას კონკრეტული ხედვა, რა მიმართულებით და მასშტაბით გეგმავს ნარკოპოლიტიკის რეფორმას ქვეყანაში.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი პოლიტიკური დაპირების პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე. ეს მნიშვნელოვანია იმ უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მრავალი წელია ნარკოტიკების მომხმარებელთა თემს და აქტივისტებს გააჩნიათ სხვადასხვა ხელისუფლებასთან ურთიერთობისას, რა დროსაც არაერთი წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, არ შეცვლილა რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადებში, იმუშაოს ყველა შესაბამის უწყებასთან კანონპროექტის დახვეწის და კონსენსუსის მიღწევის მიზნით. ასევე, პლატფორმა მოუწოდებს:

  • ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს – მოიწვიოს სხდომა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და მოგვცეს შესაბამის ორგანოებთან შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა;
  • საქართველოს მთავრობას – ნათლად დააფიქსიროს მზადყოფნა ნარკოპოლიტიკის სფეროში კომპლექსური რეფორმის გატარების თაობაზე და ხელი შეუწყოს ინიცირებული კანონპროექტის დროულ და ქმედით საპარლამენტო განხილვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^