აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილო კორეას „სრული განადგურებით" ემუქრება, თუკი ეს უკანასკნელი ამერიკას ან მისი მოკავშირეებს შეუქმნის საფრთხეს. ამის შესახებ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ამ განცხადებამ შეკითხვები წარმოშვა, თუ როგორი იქნება ადმინისტრაციის მიდგომა ჩრდილო კორეიდან მომდინარე ბირთული საფრთხეების მიმართ.
„ჩრდილო კორეის უგუნური მისწრაფება ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების მიმართ მთელ მსოფლიოს ემუქრება წარმოუდგენელი მსხვერპლით" - თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, აღმაშფოთებელია, რომ ზოგიერთ სახელმწიფო თანახმაა „არა მხოლოდ ვაჭრობაზე ასეთ რეჟიმთან, არამედ იმ ქვეყნის შეიარაღებაზე, მომარაგებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელიც სამყაროს ატომური დაპირისპირების საფრთხის წინაშე აყენებს".
თუმცა იქვა აღნიშნა, რომ კონფლიქტი გარდაუვალი არ არის, რადგან „გაერო სწორედ ამისთვის არსებობს".
„ჯერ ამერიკა"
ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკელი მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს.
„როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენებ, ისევე, როგორც თქვენი ქვეყნის ლიდერები იზამენ ამას და ასეც უნდა მოიქცნენ" - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ლიდერის ვალია, თავის მოქალაქეებს ემსახუროს.
„გვიყვარს კი ჩვენი ერი საკმარისად იმისათვის, რომ მათი სუვერენიტეტი დავიცვათ, მათი მომავლის სადავეები ავიღოთ ხელში? ვცემთ თუ არა მათ საკმარის პატივს საიმისოდ, რომ დავიცვათ მათი ინტერესები, შევინარჩუნოთ მათი კულტურა, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი მსოფლიო?" - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ ერებს „დიდი გამოღვიძებისკენ, სულის, ხალხისა და პატრიოტიზმის აღორძინებისკენ მოუწოდებს".
ირანი
„ირანის მთავრობა გარყვნილ დიქტატურას მალავს დემოკრატიის ნიღბის მიღმა" - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ „მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე შეძლებული ქვეყანა მლიქვნელ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომლის ლიდერიც ძალადობის, სისხლისღვრისა და ქაოსის ექსპორტს ეწევა"
ტრამპმა ირანი ტერორისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომლებიც „არაბ და ისრაელ მეზობლებს ესხმიან თავს". მან 2015 წელს ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება -„გულწრფელად რომ ითქვას, ეს შეთანხმება აშშ-სთვის სირცხვილია". - განაცხადა ტრამპმა.