ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.
მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
„დავით ხარშილაძეს 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. სამინისტრო აცხადებს, რომ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - ნათქვამი იყო შსს-ს განცხადებაში.
დავით ხარშილაძე აცხადებდა, რომ წაყენებულ ბრალში უდანაშაულო იყო და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
„მარტივად ადგნენ და ჩამიდეს. უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ეს შს მინისტრისთვის დასაფიქრებელია, როცა პოლიციელის შვილი ნარკოტიკს უდებს ადამიანს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ, ჩადების გამო იხდის სასჯელს. ყველას ვეტყვი იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა დავით ხარშილაძემ.