ბათუმში, ქალაქის ორ სკვერში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონი თვითნებურად აიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომებისგან თავი შეიკავონ.
მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეკლა ჩიჩუას თქმით, ქალაქის ორ მისამართზე ადგილობრივებმა მერიაში უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ატრაქციონი მათი შვილებისთვის საფრთხის შემცველია.
„რამდენიმე მშობელმა დარეკა და გვითხრა, რომ ამ ატრაქციონებზე მათი შვილები ზიანდებიან. მივიჩნევთ, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. ამ ატრაქციონებს სპეციალური ნიშნები აქვს და ჩანს, რომ ის შშმ ბავშვებისთვისაა გამოყოფილი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი დამოკიდებულებისგან".
პრესსამსახურის თქმით, ბათუმის მერია განაგრძობს სკვერების ადაპტირებას. 6 მისამართზე უკვე დაგეგმილია ატრაქციონების დადგმა. რაც შეეხება მოსახლეობის მიერ აღებულ ატრაქციონებს, თეკლა ჩიჩუას ინფორმაციით, მერია მათ უახლოეს დღეებში აღადგენს.
„სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.
მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება,“ - წერია ბათუმის მერიის განცხადებაში