პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება, - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
„კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:
- ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;
- მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე მიიღება", - ნათქვამია განცხადებაში.