Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მილი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ

22 სექტემბერი, 2017 14:49

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ“, - ამბობს ემინ მილი, ბერლინში დაარსებული, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელი, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რა გამოწვევების წინაშე დგანან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, როგორ მუშაობს ონლაინპლატფორმა, ამ და სხვა თემებზე ემინ მილი „ამერიკის ხმას“ ვაშინგტონის სტუდიაში ესაუბრა. მან ასევე შეაფასა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და მისი დაპატიმრების ფაქტი და თქვა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელიც აჩვენებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები თუ აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. მისი თქმით, მუხთარლის საქმე აზერბაიჯანის ხელისუფლების გავლენის დემონსტრირება იყო.

„ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა. მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მას სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა“, - ამბობს მილი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, საიდანაც ადვოკატს დაურეკა. მას აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და კონტრაბანდის, 10 000 ევროს გადატანის მცდელობაში ედება.

„მეიდან TV“-ის თანადამფუძნებელი ჰყვება, რომ ეს საქართველოში დევნისა და თვალთვალის ერთადერთი შემთხვევა არ იყო, რომლის შესახებაც მათი ჟურნალისტები ან კონტრიბუტორები წუხდნენ.

„ჩვენ ამ ინციდენტამდეც ვიღებდით ბევრ სიგნალს საქართველოს მთავრობისგან იმისა, რომ „არასასურველები ვიყავით და რომ ჩვენგან გონივრული იქნებოდა, დაგვეტოვებინა ქვეყანა“, - ამბობს მილი და ერთ-ერთ რედაქტორზე, გიულენ მევლუდზე გვიყვება, რომელმაც მისი თქმით, საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რომ მასაც, სხვების მსგავსად, უთვალთვალებდნენ: „მათი ყველა მიმართვა კი პოლიციისადმი, რომ გაერკვიათ ვინ და რატომ უთვალთვალებდა, უშედეგო იყო.“

ემინ მილი ამბობს, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა და სწორედ ამ საფრთხეების გამო, ის არ დათანხმდა „ატლანტიკური საბჭოს“ მოწვევას, რომ ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.

„მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა არ გადამცემს აზერბაიჯანს და მერე თავს ისე არ მოაჩვენებს, თითქოს არაფერ შუაში არიან. ის, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული ყველა ვიდეოჩანაწერი წაშლილი აღმოჩნდა, ის, რომ ეს თბილისის ცენტრში მოხდა და ა.შ. მიუთითებს მხოლოდ ამ საქმეში ჩართული ადამიანების გავლენაზე და რომ ამის შესახებ უნდა სცოდნოდა სულ მცირე შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურს. პოლიტიკურ დონეზე კი ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია“, - ამბობს მილი ჩვენთან საუბარში.

აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას აზერბაიჯანის ელჩი შეერთებულ შტატებში ელინ სულეიმანოვი ამბობს, რომ მათ არ იციან, რა მოხდა ქართულ მხარეს, და ფაქტი ისაა, რომ მათ მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობისას დააკავეს.

„ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ეს არის საზიანო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ელინ სულეიმანოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში.

საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის საქმე სწორედ პროკურატურას გამოეძიებინა, და რომ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებოდა. ამასთან, 65-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მუხთარლის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთოხვნით მიმართა.

19 ივლისს აფგან მუხთარლის ადვოკატებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

20 ივლისს კი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს დროებით დატოვებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სასაზღვრო პოლიციის უფროსი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებასთან და ამ სამსახურებთან მიმართებით საზოგადოებას არავითარი კითხვა არ დარჩეს.“

ამავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მუხთარლის შესახებ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ შსს-დან გამოითხოვა და საგამოძიებო ქმედებებს სწორედ პროკურატურა გააგრძელებს. შსს მუხთარლის საქმეს „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით იძიებდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ პოლიციას აცნობა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მუხთარლის ამ დრომდე არ მინიჭებია.

მუხთარლის ადვოკატების თქმით, საქმეს „აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ -ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიანიჭა სტატუსი ”პრიორიტეტული” და რაც ნიშნავს, რომ ევროსასამართლოში საქმე დაჩქარებული წესით განიხილება.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება, 78% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ მუხთარლის საქმე უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოზე, მის რეპუტაციაზე, რომელიც რეგიონში მედიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში რეგიონში ლიდერობდა.

ამ საქმეზე ხელისუფლების რეაგირებას „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „მწვავე და მკვეთრი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი რეაგირება.

20 სექტემბერს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების კომიტეტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების, აზერბაიჯანში გადაყვანისა და იქ დაპატიმრების ფაქტს. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური გამოძიების განხორციელებისაკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მხედველობაში იღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც მათ შორის შსს-ს საკვანძო ფიგურების თანამდებობიდან მოხსნას.

აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. საქართველოში კი გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^