გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა. - ამის შესახებ „ლიბერალს“ მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გიორგი მამალაძემ საკვების მიღებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ოჯახის წევრებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოახერხა.
„დღეს მისი შვილის დაბადების დღეა, მილოცვა უნდოდა, ვერ დააკავშირეს,;ოთხი ნომერი უთხრა, მაგრამ ყველა დაკავებულიაო, ეუბნებოდნენ. ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება მამა გიორგიზე“ - ამბობს ადვოკატი.
5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
მამალაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სასამართლოში საქმის განხილვის განმავლობაში ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა, თბილისის სასამართლოს განცხადებით, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.