თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდგომ თაბორის მთაზე გათვალისწინებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
დღეს თბილისის საკრებულოში სადავო საკითხს, თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა.
„თაბორის მთაზე გათვალისწინებულია იმ დაზიანებული ხეების მოჭრა, ე.წ. კავკასიური ფიჭვის, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა არ გააჩნია, და მათ ადგილზე შესაბამისი ხე- მცენარეების დარგვა. ეს რაოდენობა არის 10 000. გარდა ამისა, ამ პროექტის მიხედვით, ზუსტად სარეკრეაციო ზონების მოწყობა იგეგმება, იგულისხმება ველომრბოლელთა, ასევე ფეხით მორბენალთა ტრასები. იქნება ხელოვნური ტბა, ასევე გაკეთდება წყალმომარაგების სისტემა, როემლიც მორწყავს თაბორის მთის ხსენებულ ტერიტორიას, ასევე ბოტანიკურ ბაღსაც.
ამავე დროს მოეწყობა ჩოგბურთის მოედნები, გოლფის მოედანი. აქედან გამომდინარე, ეს ადგილი იქნება თბილისელებისათვის ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგი დასასვენებელი ადგილი. ეს ყველაფერი პროექტში იქნება გაწერილი“, - განმარტა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა დედაქალაქში პარკინგის მოწყობაზე:
„რამდენიმე თვის წინათ მერიამ წარმოადგინა 10 საპარკინგე სივრცე, ისეთი, როგორიც არის ყველაზე უფრო გადატვირთული, სიტყვაზე, მიცკევიჩის გადაკვეთაზე, პეკინისა და მიცკევიჩის გადაკვეთაზე, აგრეთვე, ე.წ. გეგეშიძის ბაღთან. იქ იყო პირობა ყველასათვის ერთნაირად მიღებული. ის დეველოპერი, ის მშენებელი, რომელიც შემოიტანდა პროექტს მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობაზე, ბუნებრივია. რომ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ზონალური ცვლილება შეეხო თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიასა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატულ მეტრს.
გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომათა დარბაზში აქტივისტებს, ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის გადადებას მოითხოვდნენ. სხდომის გადადებას მოითხოვდა ასევე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ზონალური ცვლილება მოითხოვა კომპანია „თაბორი რიზორთსმა“.