
ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, რასაც ჩვენ ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი ასევე ოპონენტების მიერ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ისინი ამბობენ, ბოტანიკური ბაღის მითვისებაც უნდაო“.
„არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ მის მიდებარე ტერიტორიაზე საჭიროა სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე და სადაც გათვალისწინებულია ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და ამ ახალი ტერიტორიის ირიგაცია მოხდეს. ტყუილსაც აქვს თავისი ზღვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს. ეს ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო ის, რომ ვართ პრორუსები, თუმცა ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე - ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობით დაწყებული, ცალკე ვიზალიბერალიზაციით დამთავრებული და ეს წარმატება გრძელდება. შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობაზე იყო საუბარი და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. ამას შემდეგ მოჰყვა მთელი კასკადი ტყუილების. გაკოტრდნენ პრაქტიკულად და ვერაფერი რომ ვერ გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება არჩევნების წინ და ეს ორი უსინდისო ტყუილი მოიგონეს, მაგრამ ჩვენი მოსახელობა ამას ხედავს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.