Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობა კანალიზაციის მოწყობას ითხოვს

03 ოქტომბერი, 2017 14:50

 თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო კანალიზაციას საკუთარ ეზოში, კუსტარულად ამოთხრილ ჭაში უშვებს. ზაფხულში აქ აუტანელი სუნი დგას და ანტისანიტარიის გამო მწერები მრავლდებიან. წლებია უკვე, მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ფონიჭალაში, კელასურის ქუჩაზე მცხოვრები გულლუზარ ახმედოვა ამბობს, რომ საკანალიზაციო სისტემა მოწყობილია მხოლოდ იქ, სადაც მაღალსართულიანი სახლებია, იმ ქუჩებზე კი, სადაც კერძო სახლები დგას, კანალიზაცია არ არის: „ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის კი არა, მთელი დასახლების პრობლემაა. ზაფხულში აქ გაჩერება შეუძლებელია: ყველა ჩვენგანი კანალიზაციას ეზოში გათხრილ ჭაში უშვებს. საშინელი ანტისანიტარიაა. მთელი დასახლება მწერებითა და მღრღნელებით ივსება“.

„ადრე აქ მოსახლეობის გაკეთებული საკანალიზაციო არხი იყო, რომელიც მტკვარში ჩადიოდა. ის არხი გააუქმეს. მას შემდეგ ყველა იძულებული გახდა, რომ კანალიზაციისთვის ჭა საკუთარ ეზოში გაეთხარა. ასეთი ანტისანიტარიისა და სუნის გამო აქ ცხოვრება შეუძლებელია. ეს შორეული სოფელი ხომ არ არის, აქედან თბილისის ცენტრამდე 20 წუთის სავალია”, - აცხადებს ანარ ჰაჯიევი.

როგორც ფონიჭალაში ამბობენ, იმის გამო, რომ მოსახლეობა თვითნებურად აწყობს საკანალიზაციო ჭებს, გათხრების გამო ხშირად გზა ფუჭდება.

„აქ გზები ისედაც არ ვარგოდა და გათხრების შედეგად კიდევ უფრო გაფუჭდა. ამ გზით ზამთარში ვერსად გახვალ. სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს დროულად მოსვლა. უკვე აღარ მაქვს იმედი, რომ კანალიზაციის პრობლემა ოდესმე მოგვარდება. წლებია, ჩვენით არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოდიან, რაღაცას გვპირდებიან, მიდიან და მერე ყველას ვავიწყდებით“, - აცხადებს 67 წლის ინტიზამ ბაბაევი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ შესაბამის სტრუქტურებს არაერთხელ მიმართეს. ფეზაილ ჰაჯიევი ამბობს, რომ კანალიზაციისა და გზის პრობლემის თაობაზე ფონიჭალის გამგეობის წარმომადგენელს, ჯაფარ ბაირამოვს განცხადებით ბოლოს 2 თვის წინ მიმართა, პასუხი კი დღემდე არ მიუღია.

ფონიჭალის გამგეობის წარმომადგენელი ჯაფარ ბაირამოვი აცხადებს, რომ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია და  4 კმ სიგრძის კანალიზაცია უკვე გაყვანილია: „დასახლების საკანალიზაციო სისტემა თბილისის ცენტრალურ ხაზს უკვე დავუკავშირეთ და 2020 წლისთვის ფონიჭალაში კანალიზაციის პრობლემა აღარ იქნება“.

რაც შეეხება გზას, გამგეობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფონიჭალაში კელასურისა და გურამიშვილის ქუჩებზე, სულ 2 კმ სიგრძის გზას სჭირდება შეკეთება და უახლოეს მომავალში ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაც  დაიწყება.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა, არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^