ჰააგის სისხლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელის, ფაკისო მოჩოჩოკოს თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ ნიშნავს პროცესის შეჩერებას. სისხლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია ამჟამად თბილისში იმყოფება. ის დღეს ქართულ მედიას შეხვდა.
„იდეალურ შემთხვევაში ჩვენთან ყველა სახელმწიფო უნდა თანამშრომლობდეს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაშიც კი ეს პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და გამოძიება მაინც გაგრძელდება“, - ამბობს მოჩოჩოკო.
შეკითხვაზე - რა ზომებს მიიღებს სასამართლო იმის საპირწონედ, თუ რუსეთი ლობისტების გააქტიურების, დეზინფორმაციის გავრცელების ან სხვა გზებით, გამოძიების პროცესზე ზეწოლას შეეცდება? - ფაკისო მოჩოჩოკო პასუხობს: „ჩვენ, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები ვართ. ყველა დამცავ ზომას ვიღებთ. ჩვენი გამოძიება კანონის უზენაესობასა და მტკიცებულებებს ეფუძნება. ჩვენი მიზანია, საბოლოოდ ჭეშმარიტების დადგენა და დაზარალებულებისთვის სამართლის აღსრულება“.
როგორც მოჩოჩოკო აცხადებს, გამოძიება ამ ეტაპზე ინფორმაციას აგროვებს, მოწმეებიდან ინტერვიუებს იღებს, შემდეგ ბრუნდება ჰააგაში და ეს მონაცემები ბაზაში შეაქვს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2015 წლის იანვარში მიიღო ნებართვა, 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაეწყო.