
ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, კუმორდოში საეპისკოპოსო ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მოქალაქეების სამარხის ძვლები, „რომელთაც დახვრეტის კვალი აშკარად აღენიშნება, სააგენტოს ინიციატივით, სამომავლოდ ტაძრის გალავნის მიღმა მოწყობილ სპეციალურ სამარხში საკადრისი პატივით დასვენდება".
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს. 2015 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდგომაც წარიმართება. ისტორიული შრეების 2 წლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქეტბი გამოვლინდა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ის ხელახლა დაკორექტირდა. ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან. სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფი კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოებს გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.