იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო. ამჟამად საბჭოში გასაუბრება 14 კანდიდატთან მიმდინარეობს. ესენია: წიქარიძე შორენა, გაბინაშვილი მერაბ, გაბრიჩიძე ეკატერინე, პავლიაშვილი სპარტაკი, ენუქიძე მალხაზი, შენგელია ირაკლი, აბშილავა ირაკლი,გვრიტიშვილი დიმიტრი, გველესიანი მაკა, გოგიაშვილი გიორგი, გორგოძე მაკა, ერემაძე მორანდა, ხოლოაშვილი მარინა, თეთრაული მაია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, გასაუბრებისას კითხვები წარსულ საქმიანობასა და სამომავლო ხედვებს შეეხება.
„ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია მათი ხედვები, ზოგადად რა პრობლემებს, რა გამოწვევებს ხედავენ სასამართლო სისტემაში და რა არის მათ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტის გზები. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღიაა მოსამართლე და რამდენად ავლენს მთავარ ღირებულებას, რომ ის არის დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია მათი წარსული საქმიანობა",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კანდიდატებთან გასაუბრება 11 ოქტომბერს დასრულდება. საბჭოს წევრები სულ უვადო მოსამართლეობის 38 მსურველს გაესაუბრებიან. იმისათვის, რომ მოსამართლემ უვადოდ გასამწესებლად განაცხადი შეიტანოს, მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.