ამერიკელმა ეკონომისტმა, რიჩარდ ტალერმა ნობელის პრემია ბიჰევიორული ეკონომიკის ავტორობისთვის მიიღო. პროფესორი ცნობილი გახდა კვლევებით, რომლებშიც ცდილობდა, ფსიქოლოგიის დახმარებით აეხსნა ადამიანების ეკონომიკურად ირაციონალური ქცევები. ნობელის პრემიის შესარჩევი კომისიის განმარტებით, ტალერმა კარგად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ხალხს „მუჯლუგუნი“- ტერმინი, რომელიც ტალერმა შემოიღო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეიძლება ვუბიძგოთ უკეთესი თვითკონტროლისა და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებებისკენ.
ნობელის პრემიის ლაურეატი ჯილდოდ 9 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს, რაც 1 100 000 დოლარზე მეტია. პროფესორმა ტალერმა იხუმრა, რომ ის თანხას „მაქსიმალურად ირაციონალურად დახარჯავს“. რიჩარდ ტალერს ეკონომიკის ფსიქოლოგიის კვლევაში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ნობელის პრემიის შესარჩევ კომისიაში მიიჩნევენ, რომ მისი ნაშრომები ხალხს დაეხმარება უფრო გრძლევადიან გათვლებში, მაგალითად, დაზოგონ ფული პენსიისთვის და თავი აარიდონ წამგებიან გადაწყვეტილებებს.
წლევანდელი ნობელის პრემია ამ ჯილდოთი დასრულდა. ეკონიმიკის სფერომდე ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ მედიცინაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში.