მთაწმინდის საბაგირო ორი ქვედა და ზედა სადგურებისგან შედგება. ქვედა სადგური რუსთაველის #52-ში მდებარეობს. რეაბილიტაციის პროექტის ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ „საქნახშირის“ შენობის ეზოში 1958 წელს აშენდა საბაგირო გზის ქვედა სადგური, რომლის ავტორიც კ. ჩხეიძეა - ყოფილი „საქნახშირის“ შენობის ერთ-ერთი თანაავტორი. კვლევაში ნათქვამია, რომ საბაგიროს სადგური მნიშვნელოვნად მიყვება დიდი შენობის არქიტექტურულ სტილისტიკას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსის, ლაშა დალაქიშვილის თქმით, საბაგიროს სადგურების პროექტირება დასრულებულია და ექსპერტიზას გადის, შემდეგ კი პროექტი უნდა წარედგინოს ეკონომიკის სამინისტროს.
„პროექტირება დასრულებულია. ყველა დონის პროექტი დასრულდა როგორც ავსტრიული, ისე ქართული მხრიდან. ამ წუთას პროექტს ექსპერტიზა უტარდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს ნებართვის აღების პროცედურები. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი მეხუთე კლასს მიეკუთვნება, აუცილებლად საჭიროებს შეთანხმებას ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ექსპერტიზაგავლილი პროექტის წარდგენაა. თუ არ გვექნება ექსპერტიზა, ნებართვის აღებას ვერ შევძლებთ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ქალაქის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან უკვე აღებულია ნებართვა ზედა სადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსმა, ლაშა დალაქიშვილმა.