სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აზიური ფაროსანა დაფიქსირდა დედაქალაქშიც. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უწყება თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს,- დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსება, პარკებსა და ბაღებში ქიმიური წამლობა კი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ქიმიურ წამლობას ღია სივრცეებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩაატარებს.
აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებები, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე მოსახლეობას მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობის მხრიდან მავნებელთან ბრძოლისას მექანიკური მეთოდების გამოყენება არის ყველაზე ეფექტიანი.
როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები განმარტავენ, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. იგი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებს.
აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან, ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლი ამ დრომდე არც ერთ ქვეყანაში არ დადგენილა და მავნებლის სრული განადგურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერც აშშ-ში და ვერც ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.
აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ში და გავრცელდა 34 შტატში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს . ამ დროისთვის მავნებელი კვლავაც ფიქსირდება ამერიკის ტერიტორიაზე, თუმცა მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც - იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.