რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სასულიერო პირებმა საპატრიარქოს ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
სინოდის სხდომისა და განხილული თემების შესახებ მოკლე კომენტარი მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ გააკეთა. როგორც მან საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს ეკლესიისთვის.
მისივე განმარტებით, სინოდის წევრებმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, მიტროპოლიტზეც, თუმცა როგორც პეტრე ცაავამ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.
სინოდის სხდომის დაწყებამდე მიტროპოლიტი პეტრე ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, სინოდს მის შესახებ ემსჯელა.
„საკითხები, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი ჩემთვის პირადად. ობიექტურად, მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.