Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ არის ადაპტირებული ახლად გახსნილი მეტროსადგური „უნივერსიტეტი"

16 ოქტომბერი, 2017 15:24

დღეს მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა. 1989 წელს დაკონსერვებული პროექტის აღდგენა და დასრულება თბილისის მუნიციპალიტეტს 84 მილიონ ლარამდე დაუჯდა. მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ ახალი ინფრასტრუქტურით მოეწყო, თუმცა ეტლით მოსარგებლე პირებზე ადაპტირებული არ არის.

სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მიუწვდომელი მეტროსადგურის გახსნა გააპროტესტა სამოქალაქო აქტივისტმა გია ჯვარშეიშვილმა, მისი თქმით, სახელმწიფო შშმ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. „რაც კეთდება ისიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინების გარეშე კეთდება. დღეს, სამწუხაროდ, მარტო ვიყავი. მარტო ვიყავი იმის გამო, რომ სხვებმა ვერც შეძლეს იქ ჩამოსვლა. მე კი სადამდე მისვლაც შევძელი, იქ ვცადე, გამეპროტესტებინა. პლაკატი ჩამომართვეს, რომელზეც ეწერა - „არაფერზე ჩვენ გარეშე“ და ეწერა მეცხრე მუხლი შშმ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციიდან გარემოს მისაწვდომობაზე, რისი პასუხისმგებლობაც აქვს აღებული ჩვენს სახელმწიფოს“.

გია ჯვარშეიშვილის თქმით, ადგილზე ოფიციალური პირების არგუმენტი ის იყო, რომ დანარჩენი 22 სადგური არაადაპტირებულია და „უნივერსიტეტის„ ადაპტირება პრობლემას ვერ გადაჭრიდა. რაც მისი აზრით, არამართებული პასუხია. „მითხრეს, რომ მრავალი წლის შემდეგ რაღაცა გაკეთდება, თუმცა ესეც არასწორია, რადგან ფინანსური გათვლა არსებობს, რომ მშენებლობას ადაპტირება სულ 1%-ით აძვირებს“.  შესაბამისად, ჯვარშეიშვილის აზრით, მოგვიანებით სადგურის ადაპტირებაზე რამდენიმე მილიონის დახარჯვა მოუწევთ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, ლევან მესხიშვილმა „ლიბერალს" ის მიზეზები განუმარტა, რომელთა გამოც მეტროსადგური არ არის ადაპტირებული. როგორც ის ამბობს, კომპანიის დიდი სურვილი იყო სადგურის ადაპტირება, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 1989 წელს შესრულდა, ახლა შეცვლა და ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. „ამაზე მუშაობდა ესპანური კომპანია, მაგრამ ვერანაირად ვერ მოახერხეს ამ ჩაბეტონებული გვირაბების ადაპტირება. ნულიდან რომ დაგვეწყო, აუცილებლად გავითვალისწინებდით, მაგრამ ახლა ეს იყო წარმოუდგენელი ამოცანა“, - უთხრა „ლიბერალს“ ლევან მესხიშვილმა.

„ერთადერთი, რაც შევძელით, ამ ყვითელი ზოლების გაკეთება იყო. ეს არის ადაპტაცია უსინათლოებისთვის. მომავალში, დარწმუნებული ვარ, როგორც ეს ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ ადაპტირებული, ასევე შევძლებთ ყველა მეტროსადგურის და ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის ადაპტაციას“, - თქვა ლევან მესხიშვილმა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე აქტივისტი, კობა ნადირაძე „ლიბერალთან“ განმარტავს, რომ სრულიად ალოგიკურია არგუმენტი, თითქოს ახალი მეტროსადგურის ადაპტირებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ძველები არაადაპტირებულია. მისი თქმით, ესაა ხვალისთვის გადადებული და მეტი ფინანსური დანახარჯისთვის განწირული პროექტი და ჯობდა, ახალი მეტროსადგური ამ ეტაპზევე ხელმისაწვდომი გაეხადათ: 
„ეს გაცილებით ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს, ვიდრე მომავალში, მეტროს გადაკეთება და ადაპტირება დაჯდება. ახალი მეტროსადგურის ადაპტირების საკითხი, მისი მშენებლობის დროსვე უნდა გაეთვალისწინებინათ. პარალელურად კი, ეფიქრათ, როგორ შეიძლება ძველი სადგურების მოწესრიგებაც. ამაზე მე პასუხი ვერ მექნება, სპეციალისტები უნდა დასხდნენ და იმსჯელონ, რა ალტერნატიული გზების გამონახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტროს მხოლოდ გადაადგილების ფუნქცია არ აქვს. შიგნით შესაძლოა იყოს კომერციული დანიშნულების ობიექტები, იმართებოდეს გარკვეული ღონისძიებები, თუმცა ამაზე პროექტზე მუშაობის დროს არ უფიქრიათ", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

მისივე განმარტებით, მაშინ ალოგიკურია ლურჯი ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანაც, რადგან, ზოგადად, გარემოა ხელმიუწვდომელი და შშმ პირებს ერთი დანიშნულებიდან მეორეში გადაადგილება არ შეუძლიათ:"თბილისის მერიაში არის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. პროექტზე მუშაობის პროცესში კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთი და ორი კი არა, შშმ თემის აზრი გაეთვალისწინებინათ და ეფიქრათ, რა სახის ცვლილება იყო შესაძლებელი, რა ოდენობის დანახარჯებს გამოიწვევდა და ა.შ.".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^