გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოები მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს 24 საათის განმავლობაში ასრულებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ოღასკურა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მიმდინარეობს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზეც, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.
ფოტო აღებულია Facebook გვერდიდან - ქუთაისი.