რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ, მთელი ღამის განმავლობაში, კოორდინირებულად მიმდინარეობდა.
„ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად პრობლემები შეიქმნა აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქედის რაიონების სოფლებში მეწყერი ჩამოწვა. გააქტიურებული მეწყერული პროცესების გამო აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან 25 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო. შუახევში მეწყერის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომლებიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში. ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. ბათუმში მოსული უხვი ნალექისა და ქარის შედეგად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს დაუზიანდა სახლის სახურავი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები; შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. წყალმომარაგება აღდგენილია ყველგან, გარდა ჩაქვისა და ჩაისუბნის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისა. „აჭარის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩაატარდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები და ყველა მიმართულებით იწმინდება სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
„გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე სუფსის ადიდებამ სოფელი ზოტი გარესამყაროს მოწყვიტა. ამ დორისთვის ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები იმერეთის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მობილიზებული იყო 100 მაშველი და 16 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, ყველა სტრატეგიულ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (საავადმყოფოები, სკოლები, პარლამენტის შენობა, იუსტიციის სახლი და ა.შ.) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს წყლის ამოღება ადგილობრივი მოსახლეობის დატბორილი საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან. ამ დრომდე, ქალაქ ქუთაისში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან 800-მდე შეტყობინება შემოვიდა. იმერეთის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, იმერეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულია და სრული დატვირთვით მუშაობს დამატებითი ძალები სამეგრელოდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ამ წუთებში, იმერეთში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ვითარება სტაბილურია. იმერეთსა და გურიის რეგიონებში ელექტორენერგიის მიწოდება მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღუდგა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, რათა ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. სტიქიის ადგილას იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო ერთ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე , აკრძალვებია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაწესებულია აკრძალვები ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ზესტაფონი-კიცხი ხარაგაულის საავტომობილო გზაზე.