„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ისლამისტი მებრძოლებისგან ბოლომდე გაათავისუფლეს ქალაქი რაქა. „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქზე იერიში აშშ-ის მხარდაჭერილმა ძალებმა ივნისში დაიწყეს. ბოლო შავი, ისლამისტური დროშა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან დღეს დაეშვა. სტადიონთან ერთად ეს იყო უკანასკნელი თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რომლებსაც „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ დანებებისთვის რამდენიმე დღე მისცეს. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ცნობით, რაქას ISIS-ის 3500-მდე მებრძოლი აფარებდა თავს. მათი დიდი ნაწილი ქალაქისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დანებებული მებრძოლები კი, სავარაუდოდ, ქალაქ ტაბქის სასამართლოში წარდგებიან.
„ისლამური სახელმწიფო“ რაქას 2014 წლიდან აკონტროლებდა. ისლამისტების დე ფაქტო დედაქალაქი იქცა ტერორისტების ძლიერების სიმბოლოდ. აქ სიკვდილით სჯიდნენ ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს და ავრცელებდნენ ისლამისტურ პროპაგანდას. 2016 წლიდან „ისლამურმა სახელმწიფომ“ რღვევა დაიწყო. ერაყში მათ უკვე დაკარგეს ტალ აფარი და მოსული, რომელსაც ტერორისტები ასევე დედაქალაქად მიიჩნევდნენ. რაქის დაცემის შემდეგ კი ჯიჰადისტების ხელში, ერაყსა და სირიაში, ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.