Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: „ციანიდის საქმეზე“ გავრცელებული ჩანაწერის გამო პროკურატურამ ჟურნალისტები არ უნდა დაკითხოს

18 ოქტომბერი, 2017 12:34

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას მიმართავს, კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედოს და „ციანიდის საქმეზე“ მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო, ჟურნალისტები დაკითხვაზე არ დაიბაროს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმის ჩანაწერების გავრცელების გამო, მედიის წარმომადგენელთა არათუ პასუხისგებაში მიცემა, არამედ შესაძლო დაკითხვაზე დაბარებაც კი სამომავლოდ ნეგატიურად იმოქმედებს მედიის მიერ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქებაზე. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ზღუდავს მედიის ლეგიტიმურ საქმიანობას.

TI-ის განმარტებით, მედიის წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან, ხელისუფლების საქმიანობა გააკონტროლონ და მოსახლეობას ქვეყანაში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. 

„ციანიდის” საქმის მიმართ, რომლის სასამართლო სხდომის დახურვამ კრიტიკა დაიმსახურა, მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს. მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გარკვეული წვლილი შეაქვს  საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ დისკუსიაში, შეიცავს რა მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ „ციანიდის“ საქმეში ფიგურირებდნენ. შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება, მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს. კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ასევე ვალდებული, იყოს მოწმე, გათქვას ინფორმაციის წყარო და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“.

„ციანიდის საქმის“ მასალების გასაჯაროების გამო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი პირველმა საპროკურორო საბჭოს წევრმა, ქალბატონმა ირმა ჭკადუამ დააყენა, რომელიც ამ საქმეში მოწმეა და გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებს: „ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით. გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს”, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ასევე ნახსენებია ჩანაწერში, მედიის მიერ დახურული სხდომის დამატებითი მასალების გამოქვეყნებას „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა და ჟურნალისტების ქმედებას კანონდარღვევა უწოდა: „უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გასაჯაროებაც, გავრცელებაც - კანონით აკრძალულია და არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ გამონაკლისი უფლება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს”.

ამ თემაზე განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ჩანაწერში მოხსენიებული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევა უარყო. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ არაობიექტურობასა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაში დასდო ბრალი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^