„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ხუციშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მართალია, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს,მაგრამ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. დეპუტატის აზრით, შემთხვევის მიზეზი ისაა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიის გარდაუვალ წარმატებას ყველა ხედავს. „სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე ის, რაც უკრაინაში ხდება. ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის „ნაციონალური მოძრაობა” - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ხუციშვილმა.
პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი აჰმედ იმამკულიევის აზრით კი, მომხდარი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. „არანაირი ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით. რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე რომ ეს შეიძლება შიდა პარტიული დაპირისპირება იყოს" - თქვა იმამკულიევმა.