იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე წევრებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ამის მიზეზი მოსამართლეობის ზოგიერთი კანდიდატის მიმართ მისი განსხვავებული და კრიტიკული დამოკიდებულებაა.
იუსტიციის საბჭო უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა. ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ კანდიდატების შეფასების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და მოსამართლე წევრებმა გაიგეს, რომ მან რამდენიმე კანდიდატი უარყოფითად შეაფასა.
საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას მათ ორი ძირითადი კრიტერიუმით აფასებს - კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით. საბჭოს წევრის შეფასება, ისევე, როგორც მის მიერ კანდიდატისთვის მიცემული ხმა, კონფიდენციალურია. ეს საბჭოს წევრს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღოს. შეფასების დოკუმენტები საბჭოში არსებულ შეფასების დეპარტამენტს გადაეცემა და სწორედ ის უნდა უზრუნველყოფდეს მათ კონფიდენციალურობას.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, საბჭოს სხდომის დაწყებამდე მას რამდენიმე მოსამართლემ შეურაცხმყოფელი და მუქარისშემცველი ტექსტით მიმართა. მათი შინაარსიდან კი ჩანდა, რომ მათთვის ჯანეზაშვილის შეფასების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, მის მიმართ არაეთიკუარდ ის წევრები მოიქცნენ, რომლებიც თავად არ მონაწილეობენ კონკურსში, მაგრამ ვარაუდობს, რომ ამით კონკურსში მონაწილე მეგობრებსა და კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„შეხვედრის დაწყებისას, სხდომა ოფიციალურად არ იყო გახსნილი, როცა ჩემ მიმართ გამონათქვამები, შეურაცხმყოფელი შეფასებები წამოვიდა და მივხვდი, რომ მათ ჩემი შეფასების შესახებ იცოდნენ. მით უმეტეს, რომ უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც კანდიდატებს შეფასებისას არაკეთილსინდისიერი დაუწერა“.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სახელზე განცხადების დაწერას და ამ საკითხის საბჭოს სხდომაზე დაყენებას გეგმავს. საბჭოს წევრის განმარტებით, მისი შეფასება საერთო შედეგზე ვერ იმოქმედებდა, რადგან მათ მოსამართლის დასანიშნად საჭირო 10 ხმა ჰქონდათ და ჯანეზაშვილის უარყოფითი შეფასება არაფერს ცვლიდა. ამიტომ ფიქრობს, რომ მოსამართლე წევრების აგრესია მისმა განსხვავებულმა აზრმა გამოიწვია.
„საკითხი დგას ისე, რომ განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეკითხვა, შეხედულება თუ რჩევა მიუღებელია. განსხვავებული პოზიციის გამოხატვა არავინ არ უნდა გაბედოს. არაეთიკური დამოკიდებულება გრძელდება და ალბათ კიდევ გაგრძელდება. უნდათ, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს“.
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, კონკურსის დროს დასმული შეკითხვები კანდიდატის შესაფასებლად საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალებას არ გაძლევენ. თუმცა ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს თავმჯდომარე ცდილობს, ყველას მისცეს კითხვის დასმის საშუალება.